1924 წელს გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა თავის 10 წლის ქალიშვილს- ქეთევან ჯავახიშვილს ალბომში ჩაუწერა „ჩვენი დროის ათი მცნება“.
მწერლის მიერ მომავალი თაობისათვის დატოვებული ეს შეგონება მარად უნდა გვახსოვდეს და ხშირად შევახსენოთ ჩვენს შვილებს.
ჩვენი დროის ათი მცნება
1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი
მშობელი საქართველოსი.
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.
3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს
ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.
5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ
ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.
6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და
ურჩი სურვილები.
7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.
8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე.
იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.
9. თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ
გადააჭარბებ. არ გაამაყდე.
10. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი – შრომა, მეორე – შრომა და მესამე – შრომა.
No comments:
Post a Comment